
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ევროპას ნაციზმში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება შოიგუმ ე.წ. პირველ საერთაშორისო ანტიფაშისტურ კონგრესზე გააკეთა, რომელიც პოდმოსკოვიეში ჩატარდა. ასე შეაფასა მან რუსი ტურისტებისთვის შენგენის ზონაში ვიზების შესაძლო გაუქმებას.
"ახლა თვალყურს ვადევნებთ ნაცისტური პოლიტიკის კიდევ ერთ მკვეთრ გამოვლინებას, როცა მაღალი ევროპული ტრიბუნებიდან აქტიურად მიმდინარეობს რუსოფობიური იდეა - აუკრძალონ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა. ესტონეთსა და ლატვიაში ტრადიციად იქცა SS ლეგიონის მარშები, სამხედრო დამნაშავეებს უდგამენ ძეგლებს და ობელისკებს. ლიეტუვის ქალაქების ქუჩებიდან ისმის ნაცისტური ლოზუნგები და მოწოდებები", - თქვა შოიგუმ.
***
რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში შესვლის აკრძალვის საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.
შესაბამისი ინიციატივით დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. ასეთი მოწოდებებით უკრაინის მთავრობის სხვა წევრებიც გამოვიდნენ. ესტონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურა. ასევე ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტა. ანალოგიური გადაწყვეტილება ბულგარეთმაც მიიღო და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა. 17 აგვისტოს ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემაც შეწყვიტა.
***
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ ავიაკომპანიებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ფრენები აეკრძალათ, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ახლაც ახერხებენ საზღვარგარეთ მოგზაურობას და ვიზების მოთხოვნას.
მაგალითად, ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს. ფინეთის პრემიერმინისტრის სანა მარინის ინიციატივა ტურისტულ ვიზებს ეხება. სანა მარინის განცხადებით, რუსეთის აგრესიის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალი და უპრობლემო მოგზაურობა ევროპაში არ უნდა გაგრძელდეს. მარინი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, მისი მოქალაქეები ახერხებენ ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას, ტურისტებად ყოფნას. ეს არასწორია", - თქვა მარინმა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეები საქართველოშიც დიდი რაოდენობით ჩამოდიან, მათ შორის არეგისტრირებენ ბიზნესებს. ფაქტი სამოქალაქო საზოგადოებაში აღშფოტებას იწვევს, თუმცა ქართული ოცნება რუსი ვიზიტორების სიმრავლეში პრობლემას ვერ ხედავს. მაგალითად ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს არაერთხელ გამოესარჩლა, მათ მიმართ ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებას "ქსენოფობები" უწოდა და განაცხადა, რომ "[რუსებისთვის] ვიზების მოთხოვნის უკან დგას ერთი მიზანი - ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში".